Russian
Georgian
Kurmanji
English

თემის შესახებ

2017-12-02

ეზიდები (საკუთარი სახ. - ეზდი) – ახლო აღმოსავლეთის ერთერთი უძველესი ხალხია. შეადგენენ ეთნორელიგიურ საზოგადოებას. მათი რაოდენობა, რომელიც შემდგომ დაზუსტებას საჭიროებს, აღწევს 1 მილიონ ადამიანს. ისინი ძირითადად ცხოვრობენ თავის სამშობლოში – ეზიდხანში, ერაყში (შეიხანის რაიონში, დოჰუკის შემოგარენსა და სინჯარის მთებში); მათი დასახლებები არსებობს ასევე სირიაში (მუჰაფაზა ჰასაკა, ყამიშლი, აფრინი), თურქეთში ეზიდები მცირე რაოდენობით შემორჩნენ (სირტის, მარდინის, ნისიბინისა და ვერაშეჰირის შემოგარენში). ეზიდების ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი თემი იყო სსრკ-ში (სომხეთი და საქართველო), რომლის დაშლის შემდეგ მათი ნაწილი გადასახლდა რუსეთში. უკრაინაში და ევროკავშირის ქვეყნებში. დღეს ეზიდების მსხვილი თემები გვხვდება აგრეთვე გერმანიაში, საფრანგეთში, მიდერლანდებში, ბელგიაში და სხვა.

ეზიდების მშობლიური ენაა ეზდიკი (მეცნიერული კლასიფიკაციით - კურმანჯი, რომელიც ირანულ ენათა დასავლურ განშტოებას წარმოადგენს). ამ ენაზე შექმნილია მდიდარი რელიგიური ხასიათის პოეზია ანუ წმინდა ტექსტები (ჰიმნები “ყავლ” და „ბაითები“), რომლებიც რელიგიის შესწავლის წყაროს წარმოადგენს. საუკუნეების მანძილზე მათ ჩამოუყალიბდათ დამოუკიდებელი თვითშეგნება რელიგიურ საფუძველზე. მათ გამოიმუშავეს განსხვავებული ქცევის სტერეოტიპი, იქცნენ ჩაკეტილ კასტურ-თეოკრატიული სტრუქტურის თემად, რაც ისტორიულად განპირობებული იყო რეგიონში დომინანტი რელიგიის რადიკალი წარმომადგენლების მხრიდან ეზიდების მიმდევრების დევნით. მე-20 საუკუნეში გახშირდა ეზიდური ინტელიგენციის წარმომადგენლების მხრიდან საკუთარი თავის ქურთ-ეზიდებად იდენტიფიცირება, რაც განპირობებული იყო ქურთებთან ენის ერთიანობით და გეოგრაფიით. დღეს ეზიდთა უმრავლესი ნაწილი თავის თავს მიიჩნევს ცალკე ეთნოსად, ხოლო მცირე რიცხვი – ქურთებად, რომლებიც მისდევენ ეზიდურ რელიგიას.

ეზიდებისა და ქართველების ურთიერთობის შესახებ ისტორიული ცნობები მოიპოვება. ზოგი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მხარგრძელთა გვარი ეზიდური წარმოშობის იყო. ასევე ისტორიული ცნობები ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II დროსაც მოგვეპოვება, როდესაც მეფე, რუსების მხარდაჭერის იმედით, 1770 წელს, ანტიოსმალური კოალიციის შექმნას შეეცადა. დღემდე შემონახული დოკუმენტების მიხედვით, ერეკლე II-სთან დაკავშირებას ასურელები და ეზიდები ცდილობდნენ. ერთ-ერთ წერილში ასურელთა ეპისკოპოსი ისაია ერეკლე II სწერდა, რომ იგი ეზიდებს შეხვდა, რომლებიც, თავის მხრივ, ასევე ითხოვენ მფარველობას ერეკლესაგან.

სამხრეთ კავკასიაში ცალკეული ეზიდური ტომების გადმოსახლება XIX საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთ-თურქეთის ომების (1804-1813 წ.წ. და 1826-1828 წ.წ.) დროს აქტიურდება. 

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმების თანახმად, თურქეთმა ყველა ის ტერიტორია დაიბრუნა, რომელიც რუსეთმა ომამდე და ომის შემდეგ მიითვისა მცირე აზიის აღმოსავლეთში. ამის გამო ეზიდებმა ვანის ვილაიეთიდან, სურმალიდან და ბაიაზეთიდან თავი სომხეთსა და საქართველოს შეაფარეს.

ერთ-ერთ საარქივო მასალაში ვკითხულობთ: `სარაისშემოგარენში ათი ეზიდური სოფელია, სულ ხუთასი კომლი. ყველაზე მეტად ის არის საოცარი, რომ მათ შორის ბევრი რუსულად საუბრობს. ეზიდები ზამთარში საშოვარზე ტიფლისში დადიან“.

საქართველოში ეზიდები ძირითადად თბილისის ძველ უბნებში ტომობრივი კუთვნილების მიხედვით სახლდებოდნენ. ისინი იკავებდნენ ერთ ქუჩაზე მდებარე სარდაფებსა და ნახევრად სარდაფებს: სოლოლაკში, დიდუბეში, ვორონცოვზე, ჩერქეზოვზე, მიხაილოვზე, ზემელზე, ვერაზე, მეიდანზე და სხვ.

ეზიდები ქალაქის ქუჩებსა და რაიონებს აქ დასახლებული ტომების სახელით მოიხსენიებდნენ. მაგალითად, `ქუჩა მასაკა, ქუჩა ჩოხრაშა, თახა მანდასორა (მასაკის ტომის ქუჩა, ჩოხრაშების ქუჩა, მანდასორის ტომის უბანი). ეზიდების რამდენიმე ოჯახი, თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა მხარეშიც დასახლდა. ბათუმში ცხოვრობდნენ და მათი მცირე ნაწილი დღესაც ცხოვრობს. 

ეზიდები ასევე ცხოვრობდნენ და მათი ნაწილი დღესაც ცხოვრობს კახეთში. კერძოდ, თელავში, ყვარელის რაიონში, წნორში, სოფ. ხირსაში.

1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის შედეგად ეზიდების ემიგრაციის გამო, მათი რაოდენობა შემცირდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2002 წელს ჩატარებული მოსახლეობის პირველი აღწერის მონაცემების მიხედვით, ეზიდების რაოდენობა შეადგენდა 18.3 (0.4%-ს), ხოლო 2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, ეზიდების რაოდენობა 12 000 აღწევს.

ეზიდი მოსახლეობის ნაწილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წავიდა ემიგრაციაში, ძირითადად რუსეთისა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ძლიერი ეზიდული დიასპორებია. ფაქტობრივად ეს ადამიანები ემიგრაციის ქვეყნებში დარჩენაზე არიან ორიენტირებულნი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც საზღვრების გადალახვა გამარტივდა, ეზიდებს თავიანთი წმინდა ადგილების, კერძოდ, ლალიშის მონახულების საშუალება მიეცათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს ეზიდთა ძირითადი ნაწილი ამას ვერ ახერხებს.

დღეისათვის ეზიდებს საქართველოში ერთი საკულტო ნაგებობა და მასთან არსებული კულტურის ცენტრი გააჩნიათ. რელიგიურ ცენტრს ლალიშის ტაძარს (ჩრდილოეთ ერაყი) მოწყვეტილი და ათეისტური სახელმწიფოს პირობებში მათ ცნობიერებაში მილევადი ძველი მამაპაპური ეთნორელიგიური სარწმუნოება უკანასკნელ ხანს აღორძინებას განიცდის. თბილისში შექმნილია „ეზიდთა სასულიერო საბჭო“, 2011 წელს საქართველოს პირველად ეწვია ლალიშიდან უმაღლესი სასულიერო პირების დელეგაცია ეზიდთა ლიდერის მირ თაჰსინ ბეგის მეთაურობით, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო. 2015 წელს გაიხსნა ეზიდური ტაძარი „ზიარატა ეზიდ“ და მასთან არსებული კულტურის ცენტრი, სადაც ეწყობა რელიგიურ-კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

ეზიდური ტაძრის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხადასხვა ქვეყნებიდან ეზიდური დიასპორის წარმომადგენლები.

ეზიდთა სასულიერო საბჭომ საქართველოში მოახერხა სხვადასხვა რელიგიებთან თბილი და მეგობრული ურთიერთობების დამყარება.

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2018 წ.

    იანვარი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

18 იანვარი 2018

ბოლო სიახლეები

2017-12-30 - ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები

2017-12-30 - საქართველოს ლიდერებმა ეზიდურ თემს ახალი წელი მიულოცეს

2017-12-27 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს 2017 წ. შემაჯამებელი თათბირი გაიმართა

2017-12-25 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა

2017-12-15 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი საბერძნეთის ელჩს შეხვდა

2017-12-15 - "აიდა ეზიდ"-ის დღესასწაული თბილისის ეზიდურ ტაძაში

2017-12-11 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს წევრებმა პატიმრები მოინახულეს

ვებ-გვერდი მომზადდა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-გვერდზე მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ორგანიზაციის წევრებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.